შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიული პროცესების პროგრესი იქნება განხილული.

 

მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხები. საუბარი ასევე შეეხება 2014 წლის ივნისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებსა და წინამოსამზადებელ პერიოდს. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

 

სამუშაო ჯგუფში ქართული მხარიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯგუფს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი.