როგორც კომპანიაში აცხადებენ, მძღოლების ნაწილი მათ მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა.

 

ამასთან, კომპანია “ინტერტრანსის” წარმომადგენელის თქმით, კომპანია მზადაა, მოლაპარაკება იმ მძღოლებთანაც აწარმოოს, რომლებიც ამ დრომდე მათ შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდებიან.

 

“როდესაც მოგვეცა მძღოლებთან საუბრის შესაძლებლობა, როდესაც მოისმინეს მათ ჩვენი პირობები, დათანხმდნენ და მუშაობენ. მათ მოსწონთ ის პირობები, რაც კომპანიამ შესთავაზა. პროცესი კიდევ მიმდინარეობს, გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და ვინც იქნება თანახმა, ის დასაქმდება”, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის მძღოლები, რომლებსაც 2001 წლის ზემოთ გამოშვებული მიკროავტობუსები ჰყავთ, უმუშევრები არ დარჩებიან და დასაქმდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის რეისზე მომუშავე მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის გაუქმებას მოითხოვდნენ და კომპანია “ინტერტრანსთან” თანამშრომლობას არ აპირებდნენ.