გენერალმა ლევან კენჭაძემ უზრდელობის გამო მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ რესტორანში სცემა – ამის შესახებ ლევან კენჭაძე მრავალწლიან დუმილს არღვევს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. როგორც უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, გენერალი ლევან კენჭაძე აცხადებს, მისი დაპატიმრების მიზეზი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.


„ჩემს დაჭერას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთ სუფრაზე მიშა სააკაშვილი ვცემე და სუფრიდან გავაგდე! მაშინ პარლამენტის დეპუტატი იყო! უზრდელურად იქცეოდა სუფრაზე. მე მეგობართან ერთად მოგვიანებით მივედი სუფრაზე. იქ დამხვდნენ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები, მათ შორის სააკაშვილი და დათო მუმლაძე, მერე იმერეთის გუბერნატორი რომ იყო. სააკაშვილს ღვინო დავუსხი და ხელები გამიშალა, ღვინოს ვიღა სვამსო, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრად უფროსი ვარ და ცოტა ნასვამიც ვიყავი, მოვუთმინე, მაგრამ მაინც არ შეწყვიტა უზრდელობა. თეფშზე ყველაფერი ერთად გადაიღო – ლობიო, საცივი მჟავე და თქვლეფა დაიწყო. ყელში ამომივიდა და სუფრიდან გავაგდე“, – აცხადებს ლევან კენჭაძე.