გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაია მთავრობის პრესსამსახურისა და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დღევანდელ განცხადებებს, რომლითაც მათ ვახო სანიას "რეპორტაჟი" გააკრიტიკეს.


"სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ტელეეთერით ვაკეთოთ განმარტებები მთავრობისთვის, უბრალოდ მაყურებელს ვცემთ პატივს და არ გვინდა, ვინმემ ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს. ვახო სანაის "რეპორტაჟი" ორჯერ მოხვდა დღეს მმართველი გუნდის აქტიურობის სფეროში. თუ გულწრფელად გაინტერესებთ, გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა", - აღნიშნა სანაიამ.


მან პირდაპირ ეთერში მთავრობის განცხადებიდან შემდეგი ამონარიდი წაიკითხა: "ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა".


"ამ ერთ წინადადებაში მთავარ ეპიზოდებს გამოვყოფ. პირველი – ჩვენ არ გვითქვამს, რომ არაფერი გაკეთებულა, ასეთი ფრაზა არ ყოფილა ამ გადაცემაში, უბრალოდ მოვიყვანეთ ფაქტები და შევაჯამეთ წელიწადნახევარი. ამ გადაცემაში ნამდვილად იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, თუკი იქვე ვიტყვით, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები არ გაიაფებულა, რომ ბენზინის ფასი ლარით არ შემცირებულა, ტარიფები არ განახევრებულა, უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება", - განაცხადა ვახო სანაიამ.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: