პენიტენციური ჯანდაცვის 18-თვიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2013 წლის იანვარში დაიწყო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული რეფორმირება განხორციელდა.

 

 

დამატებით 5 დაწესებულებაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის პუნქტები და ამჟამად ხელმისაწვდომია მთელ სისტემაში. განხორციელდა 73 ექთნის გადამზადება ინტენსიური თანამედროვე პროგრამის ფარგლებში.

 

 

სასჯელაღსრულების სისტემაში 11-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება, გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივით გაუქმდა კანონმდებლობით არსებული უთანასწორობა ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა შორის. დღემდე არსებული პრაქტიკით, ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულებს არ შეეძლოთ ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობის მიღება. ამას კრძალავდა კანონმდებლობა და ბრალდებულთა მკურნალობის საკითხი ტუბერკულოზის ცენტრის ინფრასტრუქტურაშიც არ იყო გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების და სამედიცინო დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევით ეს სისტემური პრობლემა დღეისთვის გადაჭრილია.

 

 

წარმატებით ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელიც 1000 პაციენტის მკურნალობას, 12 000 ადამიანის გამოკვლევას და 5000 ადამიანის Bჰეპატიტზე ვაქცინაციას უზრუნველყოფს. მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის თავზე, გამოკვლევა ჩაუტარდა პროგრამაში ჩართულ პაციენტთა პირველ ჯგუფს, რომელმაც ცხადყო, რომ მკურნალობა ეფექტიანად მიმდინარეობს.

 

 

დაინერგა ელექტრონული სამედიცინო ისტორია და საავადმყოფოში გადაყვანისთვის განკუთვნილი ელექტრონული რიგი, რომელიც გეგმიური სამედიცინო მომსახურების პროცესში პატიმართა რეგისტრაციას ახდენს.

 

 

ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სუიციდისკენ მიდრეკილი პირების იდენტიფიცირებას, მათ გარშემო ფსიქიატრიული, სოციალური და ფსიქოლოგიური, ასევე სამედიცინო სერვისების მობილიზებას და შეთანხმებულ დახმარებას უზრუნველყოფს.

 

 

WHO რეკომენდაციების თანახმად შეიქმნა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის მედიკამენტების სტანდარტი და გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება.

 

 

მოხდა ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის არსებული მუდმივმოქმედი კომისიის რეფორმირება, შეიცვალა დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც ავადმყოფთა შეფასებისთვის გამოიყენებოდა, შედეგად, კომისიამ ქრონიკული ავადმყოფობის და ხანდაზმულობის გამო 114 მსჯავრდებული გაათავისუფლა (2008-2012 წლებში ამ მექანიზმით არცერთი ავადმყოფი მსჯავრდებული არ გათავისუფლებულა);

 

 

გარდა ამისა, სისტემას შეემატა 2 თანამედროვე საავადმყოფო, გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, განახლდა სამედიცინო პერსონალი და გაიზარდა ექიმის ავტონომია, მკვეთრად გაუმჯობესდა ხელმისაწვდომობა სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე სამოქალაქო საავადმყოფოებში, რომლითაც 8600-ზე მეტმა პატიმარმა ისარგებლა, შეიქმნა და დაინერგა კვების ახალი სტანდარტი და მკვეთრად (73%-ით) შემცირდა პატიმართა სიკვდილობის მაჩვენებელი.