სამი ადამიანი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვართან დააკავეს, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია. რამდენიმედღიანი უკანონო პატიმრობიდან მეჯვრისხევისა და ჯარიაშენის მცხოვრებლები 2 000 - რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. სამი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყო დაკავებული.

 

 

ერთერთი მათგანი, თენგიზ ბუჯიაშვილი ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ და ოკუპანტებმა საკუთარი მიწის ნაკვეთიდან აიყვანეს.

 

 

„ნაკვეთში, ქერს ვიღებდით. შემოცვივდა 5 შეიარაღებული ბოევიკი. მოგვიშვირეს ავტომატი, მიწაზე დაგვაწვინეს, შეგვიკრეს ხელები, ბორკილები დაგვადეს. იქვე მანქანა ჰყავდათ, ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს.

 

 

რომ არ დავმორჩილებოდი, შეიძლებოდა ესროლათ, ან მოვეკალით. საზღვარი ჩვენ არ დაგვირღვევია ერთი ნაბიჯით. იმათ დაარღვიეს. ჩვენი პატრული რომ ყოფილიყო, ისინი იყვნენ დასაჭრები, ჩვენს საზღვარზე რომ შემოვიდნენ“,-ამბობს თენგიზ ბუჯიაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრისას.