როგორც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ “პირWელს” განუცხადა, ის სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

 

 

შესაბამისად, რამდენადაც კანონმდებლობის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა, ის ამ პოსტიდან საკუთარი მიმართვის საფუძველზე გათავისუფლდა.

 

 

“სიამოვნებით ვაგრძელებ მუშაობას სოლიდარობის ფუნდში. აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობა მექნება ჯანდაცვის სამინისტროსა და ბატონ სერგეენკოსთან”, - განაცხადა ჯაშმა.

 

 

ამასთან, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს, მისთვის უცნობია.

 

 

მარიამ ჯაშის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც 5 სექტემბრითაა დათარიღებული, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან”, – ნათქვამია პრემიერის ბრძანებულებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.