საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

 

 

“საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივას, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

პრემიერის განცხადებით, აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე, შეასრულოს ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებლის ისტორიული ფუნქცია.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო პროექტის - „მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მონაწილეების ვიზიტი საქართველოში, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში პირადად უმასპინძლა.

 

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთში ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.