სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე საზოგადოებას ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

"21 სექტემბერს, ჩვენი მეოხის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეა.

ეს დღე, ისევე, როგორც დღე მისი მიძინებისა, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი ხალხისთვის.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II ლოცვა-კურთხევაა, რომ 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

 

"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

 

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!".

 


ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილას. მთავარია, ყველამ, – როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს ჩვენი სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს!

 

ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო"

 

 

 

 

ავტორი: გიორგი ლაღიძე