ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ თანაინვესტირების ფონდის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

 

 

ფონდის პრეზიდენტი ,,ბიზნესკონტაქტთან’’ საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, პატარკაციშვილების ოჯახი ფონდში რჩება და საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებასაც აპირებს. თუმცა, კონკრეტულად რა პროეკტებზეა საუბარი ბაჩიაშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

 

 

,,ისინი რჩებიან წევრებად და ძალიან საინტერესო პროექტებს განვიხილავთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება, რომ უახლოეს მომავალში ეს გავაცნოთ ფართო საზოგადოებას",- აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი:

 

 

პატარკაციშვილების ოჯახი ფონდის გეგმების შესახებ ამ დროისთვის ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების ფონდის დაფუძნების შესახებ განცხადება 2013 წლის 30 სექტემბერს გააკეთა. ფონდის საქმიანობა ძირითადად ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ლოჯისტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

 

 

ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, იგი საკუთარ 1 მილიარდ აშშ დოლარს შეიტანს საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, განაცხადა, რომ ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის „მთავარი გამოწვევის" დაძლევას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური სიძნელეების გადალახვას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

 

 

თანაინვესტირების ფონდის სხვა ინვესტორები არიან: აბუ დაბი ჯგუფი (Abu Dhabi Group); რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAKIA) ; ჩალიკ ჰოლდინგი თურქეთიდან (Çalik Holding); მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთიდან (Milestone International Holdings); აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი; ყაზტრანსოილის (KazTransOil) შვილობილი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი, რომელიც ბათუმის საზღვაო პორტის მმართველია; ასევე მილიარდერი და სამთომომპოვებელი გიგანტის ENRC-ს აქციონერი ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.