პარლამენტში ფარული მიყურადების შესახებ ორი კანონპროექტია წარდგენილი. თუმცა, რომელ მათგანზე შეაჩერებენ არჩევანს დეპუტატები, ეს მომავალ კვირას გაირკვევა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ორგასაღებიანი სისტემა შემოაქვს. პირადი საუბრების ფარულ მიყურადებაზე წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება, მეორე გასაღები კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. ვახტანგ ხმალაძის პროექტის მიხედვით კი გასაღები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.

პარლამენტში არსებულ კანონპროექტებზე პრეზიდენტიც საუბრობს. თუმცა, მარგველაშვილს კონკრეტული უწყება, თუ ვის უნდა ჰქონდეს ფარულ მიყურადებაზე წვდომა, არ დაუსახელებია.

შსს-ს მოთხოვნით, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიყურადებაზე პირდაპირი წვდომა სამინისტროს უნდა ჰქონდეს.

ფარული მოსმენების კანონზე პარლამენტი 2 წელია მსჯელობს და ის პირველი კანონია, რომლის გამოც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტოს უფლებით ისარგებლა.