ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დასრულდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, სპეცოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 10 და დაიჭრა 28 სამართალდამცავი. რუსული სააგენტო newsru.com-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დასრულების შესახებ განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გააკეთა, თუმცა მან ისიც თქვა, რომ სამართალდამცავებს შორის დანაკარგი არ იყო.

 

კადიროვის თქმით, სამართალდამცავებმა ტერორისტების განადგურება 15-20 წუთის განმავლობაში შეძლეს. ასევე, ადგილობრივი ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია 200-მდე ტერორისტის შესახებ, გადამეტებულია და საუბარია 11-12 თავდამსხმელზე.

 

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გროზნოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, გროზნოს ცენტრში 200-მდე ამბოხებული იყო განლაგებული.