პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მის მომავალზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ისაუბრა.

„როგორ ვხედავ პროკურატურის როლს, ამაზე ბევრი წლებია, ვლაპარაკობ, ოღონდ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ეს თემა უკვე სადისკუსიო მაგიდაზე დაიდო. ამაზე განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა. პრემიერმა განცხადებების ფაზა დღეს უკვე ერთგვარად დაასრულა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან არ იქნება მთლად წესიერი საქციელი ახლა ვილაპარაკო თუ რომელ მოდელს ვუჭერ მხარს. ეს საუბრის, დიალოგის და შესაბამისი კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დადგინდეს“, - განუცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედს“.

დეპუტატის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩება თუ ინსტიტუციურად მთლიანად სასამართლოში გადავა იმიტომ, რომ ევროპულ ქვეყნებში ორივე მოდელი არსებობს.

„მთავარია, რომ ჩვენ კანონმდებლობით ისეთი ინსტიტუციური გარანტიები შევქმნათ, რომელიც შეუძლებელს გახდის არა მარტო იმას, რომ რეალურად ვინმე ჩაერიოს მის საქმიანობაში ან პოლიტიკური მოტივაციისთვის გამოიყენოს, არამედ ეჭვიც კი არავის გაუჩნდება, რადგან მისი დამოუკიდებლობა ინსტიტუციულად იქნება გარანტირებული. ეს არის მთავარი. სად იქნება მისი ადგილი, ეს დისკუსიის შედეგად გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უფრო ოპტიმალურ შედეგ ვიპოვით. არ მინდა პროკუარტურის რეფორმა ვინმემ ცალკე აღებულად განიხილოს. ეს არის საგამოძიებო სისტემის რეფორმირების ნაწილი. მთლიანი სისტემა ერთიანობაში უნდა დავინახოთ და მისი როლი ამის მიხედვით განისაზღვრება“, - აღნიშნა ხიდაშელმა.