10-11 მარტს ქართული მხარის ინიციატივით თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

 

 

შეხვედრის მიზანი ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვაა.

 

 

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს უკავშირდება და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.

 

 

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვევიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უმასპინძლებს.

 

 

დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

 

 

ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან.