საქართველოს მთავარი პროკურატურა, ზურაბ ადეიშვილის და სერგო ქავთარაძის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზებს განმარტავს.

 

"ზურაბ ადეიშვილისა და სერგო ქავთარაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ შეიმუშავა და მიმდინარე წლის 18 თებერვალს წევრ-სახელმწიფოებში გაავრცელა ახალი ინსტრუქციები ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, ახალი ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;

 

2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;

 

3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

 

შესაბამისად, მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დაადგინა შემდეგი:

 

1) ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 8 თებერვალს;

 

2) ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტი დადასტურებულ იქნა სტატუსის მიმნიჭებელი სახელმწიფოს მიერ;

 

3) ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ იყო განპირობებული მის მიერ წარმოშობის სახელმწიფოსთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოსთან) მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

 

შესაბამისად, ახალი რეგულაციების მხედველობაში მიღებით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გააუქმა წითელი ცირკულარით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა.

 

ამასთან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ სერგო ქავთარაძესთან მიმართებაშიც, რომელიც არასდროს ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა, ვინაიდან მასაც ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული ერთ-ერთ სახელმწიფოში და შესაბამისად აკმაყოფილებდა ზემოთ მითითებულ კრიტერიუმებს, მის მიმართ ასევე გაუქმდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ ზ. ადეიშვილთან და ს. ქავთარაძესთან მიმართებაში, ვინაიდან ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ არაერთ პირთან დაკავშირებით, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისად, აკმაყოფილებდნენ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს." - ნათქვამია განცხადებაში.