გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში, ალბათ, ძნელად წარმოვიდგენდით, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილი რკინაბეტონის ჯუნგლებს დაემს­გ­ა­ვსებოდა, ავტოსატრანსპორტო კვანძი კი საგზაო ჯოჯოხეთს შექმნიდა. არქიტექტორებისა და ურბანისტების შეფასებით, თბილისის დღევანდელი ქაოსური განვითარება იმის ბრალია, რომ საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან გათავისუფლებული ჩვენი დედაქალაქი განვითარების გენერალური გეგმის გარეშე შენდება. არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის აზრით, გენგეგმის არარსებობის პირობებში გვრჩება ერთადერთი გზა, ვიმსჯელოთ, თუ როგორი არ უნდა იყოს თბილისი 20 წლის შემდეგ.

 

- სისტემური მიდგომის გარეშე დიდი ქალაქის განვითარება დაუშვებელია. მივი­ღებთ იმ აბსურდულ შედეგს, რაც განვ­ლილ 5-10-წლიან პერიოდში მივიღეთ, - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა სატრანსპორტო გზების გამტარუნარიანობის გასაზ­რდელად, როგორც საინჟინრო ნაგებობა, შესანიშნავი ესტაკადები აშენდა, მაგრამ წყალში ჩაიყარა ფული, რადგან წინასწარ არ იყო გათვლილი­ იმ ადგილებზე იყო თუ არა საჭირო მსგავსი ტიპის ნაგებობები.

 


გენერალურმა გეგმამ უნდა გვითხრას, სად რისი აშენება შეიძლება. დღეს კი ჯერ ვაშენებთ და მერე დავასკვნით, რომ თურმე არ უნდა აგვეშენებინა. დაუშვებელია ასე გაგრძელება, რადგან თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის დედაქალაქის­ ფუნქციის მატარებელი, ფაქტობრივად, ის კავკასიის უმნიშვნელოვანესი, აღმოსავლეთ­ისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რეგი­ონის დედაქალაქის, საქმიანი ქალაქის, სიტის ფუნქციებს ირგებს. აქ გადის ორი, პოლიტიკური და ეკონომიკური, სამყაროს ერთმანეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციები და შესაბამისად, აქტუალურია ორი საკითხი: თბილი­სმა თან არ უნდა დაკარგოს მომხიბვლელობა, თან ახალი, სიტის ფუნქციებიც უნდა მოირგოს. ამიტომ არის საჭირო გენერალური გეგმა.

 

- შეიძლება ითქვას, რომ თბილისი 20 წლის შემდეგ კავკასიის დედაქალაქი იქნება?

 


- თბილისი უკვე არის ამ რეგიონის მთავარი ქალაქი და მისი პოზიცია უფრო მტკიცე იქნება 20 წლის შემდეგ. ეს ტენდ­ენ­ცია იყო ჯერ კიდევ წინა საუკუნის დამდეგს, როდესაც ამიერკავკასიის ცენტრი იყო თბილისი.

 

- როგორი უნდა იყოს თბილისი, როგ­ორც სიტი?


- ძლიერი, საქმიანი ორგანიზმი, რომელიც შედგება სპეციფიკური შენობებისგან. თუ გენერალური გეგმის გარეშე სიტის ელემენტებს ჩავდგამთ დაფანტულად, მივიღებთ ისევ ქაოსს და ძალიან შესაშფოთებელ შედეგს 20 წლამდე ბევრად ადრე.


თუ სისტემურად გავიაზრებთ სიტის განთავსების ადგილს და ორგანულად დავა­კავშირებთ ქალაქისა და ქვეყნის დანარჩენ სისტემებთან, მივიღებთ ძალიან საინტერესო ქალაქს, რომელიც შთამბეჭდავ სიახლეებთან ერთად ისტორიული ღირებ­ულებების მატარებელი იქნება.

 

- როგორ ფიქრობთ, სიახლეები უნდა შემოვიდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში?

 


- არ შეიძლება ქალაქის განვითარების ტენდენცია დაკონსერვდეს თუნდაც ისტორიულ ნაწილში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს­ ტაქტიანად - სიახლემ არ უნდა დაჯაბნოს არსებული კულტურა.

 

- ვერც მირზა შაფის ქუჩის უკვე არჩეული პროექტი აშენდება? თქვენ, როგორც ჟიურის წევრმა, დაიწუნეთ ეს პროექტი?


- მიმაჩნია, რომ ამ სახით პროექტის განხორციელება დაუშვებელია. ეს კომპლექსი მრავალფუნქციური და ისტორიულია და არ შეიძლებოდა ერთ შენობას ეტვირთა ყველა ფუნქცია. პროექტი უნდა დაშლ­ილიყო სხვადასხვა მასშტაბად, შენობად და ასე შექმნილიყო მთლიანი კომპოზიცია. გასაგებია ინვესტორის სურვილი, მოიგოს ერთ ჩადებულ ერთეულზე ორი ერთეული, მაგრამ ქალაქს სხვა პასუხისმგებლობა აქვს. როგორც აღმაშენებლის პროსპექტი არის სიყალბის ილუსტრაცია (რაც უნდა აქო, მაინც ამბობს, ყალბი ვარო), იგივე მოხდება მირზა შაფის ქუჩაზეც - მივიღებთ სიყალბეს. ამ პროექტის განხორციელება არ იქნება ღირსეული საქციელი. მირზა შაფის პროექტი ისტორიული გარემოს შეურაცხყოფა იქნება, თუ იმ ფორმით აშენდება, როგორი პროექტიც მოიწონეს.

 

- როგორ წარმოგიდგენიათ თბილისის ავტოსაგზაო მაგისტრალი 20 წლის შემდეგ?


- 40-კილომეტრიან ქალაქს სულ ათი ხიდი აქვს, ანუ განივი კავშირები არა გვაქვს. მხოლოდ ათი ხიდით უკავშირდება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები ერთმანეთს. არადა, როდესაც მდინარე ყოფს ქალაქს, რაც შეიძლება მეტი ხიდი უნდა აშენდეს უკეთესი კავშირისთვის. სწორედ ხიდების ნაკლებობა ქმნის ტრანსპორტის არანორმალურ კონცენტრაციას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისი ცალმხრივი მოძრაობის ქალაქად იქცეს. ორმხრივი მოძრაობა არასრულყოფილია და ვერ ატარებს დღეს არსებულ ნაკადებს,­ ხვალ კი საერთოდ კოლაფსი დაიწყება.

 

გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებებისგან მოყენებული ზარალის განეიტრალების ერთადერთი საშუალების, მწვანე ბარიერების შექმნა, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია ქალაქს. XXI საუკუნეში მხოლოდ სამი დიდი მწვანე ლაქა გვაქვს: ვაკის პარკი, მუშთაიდი და ალექსანდრეს ბაღი. ეს არაფერია თბილისისთვის და მით უფრო, სიტისთვის, რომელიც ძალიან უნდა გაიზარდოს. 20 წლის შემდეგ თბილისი ვერ იქნება ჯანმრთელი ორგანიზმი, რადგან მინიმალური პირობებიც კი არ იქნება ნორმალურად ცხოვრებისთვის. კარგი ბინა, სუფთა იატაკი და კედლები არ არის საკმარისი კომფორტისთვის, გარდა იმ ბუდისა, სადაც ადამიანი იძინებს, მას ჯანსაღი გარემო სჭირდება იქაც, სადაც მუშაობს და დადის. ამ ყველაფერს სწორედ გენერალური გეგმა ითვალისწინებს.