ადმინისტრაციული წესით დასჯილია 10 თანამშრომელი, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. საქმე 2015 წლის 25 ივნისს ახალგორის გამგეობის თანამშრომლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. გამგებელმა 2 თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შენობაში მომხდარი ჩხუბის შესახებ ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს. ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შესახებ, სწორედ, მან დაგვიდასტურა.

 

"7 თანამშრომელს საყვედური გამოეცხადა, 2 გათავისუფლდა, ერთი კი დავაქვეითე",- აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

დაქვეითებული თანამშრომელი გამგებლის მოადგილე გიგი ბერაშვილია, რომელიც ჩხუბის მიზეზების დადგენის შესახებ კომენტარს არ ეკთებს.

 

მედეა ჩოხელი, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ მუშაობდა, ამბობს, რომ ჩხუბი სამუშაო საათებში მოხდა. თანაც ქეიფის დროს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ქეიფს გამორიცხავს.