შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოში” აღმოჩენილი სამართალდარღვევის შესახებ ბრიფინგი ჩატარდა.


რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ხუციშვილის განაცხადებით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო ჯმსბ“-ში დასაქმებულნი არიან ექიმები, რომლებიც პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას უწევენ, რის საფუძველზეც, პაციენტის საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი), შეკრებილი ანამნეზი, ჩივილები და მიცემული დანიშნულება, „ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის“ ნაცვლად, შეაქვთ სპეციალურად შემუშავებულ ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც ეგზავნება „ფარმადეპოს“ აფთიაქებს. აღნიშნული სქემით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის, საჭირო სამედიცინო კვლევების გარეშე, მხოლოდ „ფარმადეპოს“ აფთიაქებში მიეღო მედიკამენტი. ზემოაღნიშნული ელექტრონული პროგრამის წარმოება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმას და წარმოების წესს არ შეესაბამება.


ფარმაცევტული საქმინობის კონტროლის სამმართველოს უფროსის, ნანა შაშიაშვილის განცხადებით, ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 ოქმი შედგა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. ბრიფინგზე რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს ფარმაცევტულ დაწესებულებებს, რომ არ განახორციელონ მსგავსი ქმედებები და იხელმძღავანელონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მედიკამენტების გაცემის წესებით.