თბილისის საკრებულოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შედეგად, დარღვევები აღმოაჩინა. მათ შორისაა შრომის ანაზღაურებისთვის უკანონოდ გაზრდილი თანხა, საწვავის ხარჯებთან, საჩუქრებისა თუ გამასპინძლებისთვის გამოყოფილ ხარჯებთან დაკავშირებული დარღვევები.

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში უწყების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეეძლო 2013-2014 წლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლი წლის განმავლობაში გაეზარდა თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 1/12-ზე მეტი ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით, 2013 წელს მუხლი გაზრდილია 2 139.0 ათასი ლარით, ხოლო 2014 წელს 799.1 ათასი ლარით. გაზრდილი თანხით ძირითადად პრემიებია დაფინანსებული. (გვ. 9)

 

 

 

2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095.9 ათასი ლარი, რაც „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით დახარჯული თანხის 42,7 %-ს შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863.2 ათასი ლარია, თანამდებობრივი სარგოს - 81,5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249.8 ათას ლარს შეადგენს, აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 106,5%-ია. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200%-300%-ის ოდენობით. (გვ. 10)

 

 

 

საკრებულოს მიერ წარმოდგენილი პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და თანხის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით, პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას. (გვ. 11)

 

 

 

საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების სახით, რითაც დაირღვა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით გაცემულია 36.4 ათასი ლარი. აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2015 წელსაც. (გვ. 12)

 

 

 

2012-2014 წლებში საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 1 449.1 ათასი ლარი. ხარჯების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები. (გვ. 12)

 

 

 

2012-2014 წლებში საკრებულოს მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების სახით დახარჯულია 2 226.4 ათასი ლარი. მათ შორის: საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების შენახვა - 1 986.4 ათასი ლარი, საკვები პროდუქტები - 74.3 ათასი ლარი, ღონისძიებების ორგანიზება - 56.0 ათასი ლარი, საჩუქრები - 55.5 ათასი ლარი, რესტორნის მომსახურება - 40.1 ათასი ლარი, სხვადასხვა ხარჯი - 14.1 ათასი ლარი. (გვ. 13)

 

 

 

სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52.3 ათასი ლარი. მაგალითად: 2014 წლის ოქტომბერში, საკრებულოს შენობის ოფიციალურ გახსნაზე დაიხარჯა 19.2 ათასი ლარი, 2014 წლის ივლისში საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის საბოლოო ანგარიშზე - 8.1 ათასი ლარი, 2014 წლის დეკემბერში, საკრებულოს მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრასთან დაკავშირებით მოწყობილ ფურშეტზე - 2.5 ათასი ლარი. (გვ. 14)

 

 

 

„წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან 55.5 ათასი ლარი დახარჯულია საჩუქრების შესაძენად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საჩუქრები შესყიდულია საკრებულოს სტუმრებისათვის, მათ შორის 7.1 ათასი ლარის ალკოჰოლური სასმელები. აქედან, 2013 წლის აგვისტოში შეძენილი 1.7 ათასი ლარის ღირებულების 10 დასახელების სასმელი გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს, სტუმრების გამასპინძლების მიზნით. (გვ. 15)

 

 

 

საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ზოგიერთ ვახშამზე მოწვეული დელეგაციის ოფიციალურ წევრებს აღემატება სხვა პირების რაოდენობა. (გვ. 15)

 

 

 

საკრებულოს კუთვნილ ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად (71% - 89%-ით) აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს. (გვ. 17)

 

 

 

საკრებულომ რიგ შემთხვევებში ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები განპირობებული იყო ობიექტური საჭიროებებით. გარდა ამისა, არ არის დანერგილი მივლინებით მიღწეული შედეგების განხილვისა და მივლინებიდან დაბრუნებულ თანამშრომელთა მიერ საკრებულოსათვის ანგარიშის წარდგენის პრაქტიკა. (გვ. 18)

 

 

 

2012-2014 წლებში სარევიზიო კომისიის შენახვის ხარჯებმა 1 507.6 ათასი ლარი შეადგინა. საკრებულოს არ მოუსმენია ინფორმაცია სარევიზიო კომისიის არც ერთი შემოწმების შესახებ და არ განუხილავს აქტებში დაფიქსირებული დარღვევა-ნაკლოვანებები. აგრეთვე, სარევიზიო კომისიას წარმომადგენლობით ორგანოში არ წარუდგენია თავისი საქმიანობის ანგარიშები. სარევიზიო კომისიამ საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის რევიზია ორჯერ ჩაატარა. კომისიის აქტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შემოწმების დროს გამოვლენილი არ არის საკრებულოს საქმიანობაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების დიდი ნაწილი, რომლებიც ასახულია წარმოდგენილ ანგარიშში. (გვ. 20)

 

 

 

2013 წლის 20 დეკემბერს, კანონმდებლობის დარღვევით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ, iMAC 27, ღირებულებით - 4.4 ათასი ლარი. (გვ. 21)

 

 

 

საკრებულოს არ შეუდგენია 2012, 2013 და 2014 წლების ფინანსური ანგარიშგებები. (გვ. 23)

 

 

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სავარაუდოდ კანონდარღვევით დაკანონებული მიწები. (გვ. 24)

 

 

 

ქ. თბილისის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების დროს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზოგჯერ არ ეფუძნება საკმარის დასაბუთებას, არ ჩანს, რამ გამოიწვია ზონირების შეცვლა, მათ შორის, რეკრეაციული დანიშნულების მიწებისათვის. (გვ. 28)“ - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოყოფილ მნიშვნელოვან შედეგებში.