რამდენიმე დღის წინ, 60 წელს გადაცილებულმა ოთარ სიგუამ მეზობლებს სანადირო თოფიდან ესროლა. ეჭვმიტანილიც, მოკლულიც და დაჭრილიც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და სამაგალითო მეზობლობაც ჰქონდათ... დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ექიმებს მისი გადარჩენაზე საუბარი უჭირთ...

 

იმ დღეს ოთარ სიგუა, მამუკა სიგუა და კახა ჩხეტია მეზობლად მცხოვრებ ცანავებს სახლის გადახურვაში ეხმარებოდნენ. საქმის დასრულების შემდეგ, მასპინძელმა სუფრა გაშალა. ვახშამზე მეზობლებს შორის შელაპარაკება მომხდარა... გაბრაზებული ოთარ სიგუა გავარდნილა, შინიდან სანადირო თოფი გამოუტანია და ცანავას სახლთან მეზობლებს დადარაჯებია.

 

ილო ჯახაია:- რა საკითხზე იკამათეს მეზობლებმა ასე მწვავედ, რომ სიგუამ მათი დახოცვა გადაწყვიტა, ვერავინ საუბრობს... როგორც ამბობენ, დაპირისპირებისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა... ლამის გაგიჟდეს ის უბედური კაცი, რომლის სახლიც იმ დღეს გადახურეს. ჩაუშხამეს ყველაფერი, იმ წვალებით აშენებულ სახლში ცხოვრებაც ჩაუმწარეს. არ ვიცი, რამ გააგიჟა 60 წელს გადაცილებული კაცი ასე...

 

- ნასვამი იყო?


- დიახ. დარწმუნებული ვარ, ფხიზელი ამას არასდროს გააკეთებდა. გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და სულ ერთად იყვნენ. ხომ იცით, ჩვენმა ხალხმა როგორი მეზობლობა იცის, განსაკუთრებით სოფელში, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იყოფენ.

 

- ოჯახი ყველას ჰყავს?


- დიახ, სამივეს ჰყავს შვილები და ორს შვილიშვილებიც... ჯერჯერობით მათ შორის დაძაბულობა არ შეინიშნება და შემდეგ რა იქნება, არ ვიცი... ეჭვმიტანილი იმ ღამესვე დააკავეს.

 

- რა გახდა ასეთი ქმედების მოტივი, ბრალდებული კონფლიქტური ადამიანი იყო?


- დიახ, ნასვამი ცოტა კონფლიქტური და აგრესიულიც იყო, მაგრამ იარაღი მის ხელში, მით უფრო ახლობლის მოსაკლავად არავის უნახავს... ეტყობა, ბოროტი შეუჩნდა იმ ღამეს, დაღუპა ორი ადამიანი და თავიც დაიღუპა. ყველას რომ ეიმედებოდა, ისეთი ადამიანები იყვნენ გარდაცვლილი სიგუა და მძიმედ დაჭრილი ჩხეტია, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის... გაბრაზებული შინ გამოქცეულა, იარაღი გამოუტანია და ცანავების სახლთან ჩასაფრებია მეზობლებს,- ერთი რომ გამოსულა, მოუკლავს, მერე მეორესაც ესროლა... ვინ იფიქრებდა ამას? ეტყობა, შინ არც კი შეუმჩნევიათ როგორ მივიდა და იარაღი აიღო... რატომ გადაირია ასე, ვერაფრით ვხვდებით...