ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება კიდევ ერთხელ სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ინტერნეტმომხმარებლის და არა მარტო მათი, პირადი ინფორმაცია, მიმოწერა, საუბრები და ა.შ.

 

საიდან შეიძლება გაჟონოს პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტში და არსებობს თუ არა თვალთვალისგან თავდაცვის მექანიზმი - ამ საკითხებზე AMBEBI.GE კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ესაუბრა.

 

- რომელია "სუსტი ხვრელები", საიდანაც შეიძლება პირადმა ინფორმაციამ გაჟონოს?


- პირადი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მთავარი მეთოდი არის უკონტროლო მიყურადება და მოსმენა, ანუ როცა სასამართლოს ნებართვის გარეშე საგამოძიებო ორგანოები ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობის დროს ნახულობენ პირად მიმოწერას და ა.შ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიებას სჭირდება. აქ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ თუ შემდეგ ეს მოპოვებული მასალები ოფიციალურად გამოსაყენებელ ინფორმაციად არ დასჭირდათ, შეუძლიათ სასამართლოს აღარ მიმართონ ამ დოკუმენტების კანონიერად ცნობისთვის და სწორედ ეს ქმნის ამდენი უკანონო ჩანაწერის წარმოშობის შესაძლებლობას. არ არსებობს იმის კონტროლი, თუ რამდენი ინფორმაციის მოპოვება ხდება ასეთი წესით და შემდეგ სწორედ ასე მოპოვებული ინფორმაციის გაჟონვა ხდება.


- ვის აქვს პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდების ბერკეტები?


- ინტერნეტ-მიმწოდებლებს, ანუ იმ კომპანიებს, რომელიც აბონენტს ინტერნეტით უზრუნველყოფს და მეორე, საგამოძიებო ორგანოებს, ისიც ამ ინტერნეტ-მიმწოდებლებთან დუეტში, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერნეტ-კომუნიკაციის ჩაწერის ან მიყურადების მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა სხვას არ გააჩნია.


- შეიძლება თუ არა გამოვლინდეს უცხო ქვეყნიდან ატვირთული ვიდეოს ავტორი?


- საერთოდ, ასეთი ვიდეოს ატვირთვის დროს იყენებენ შეცვლილ სერვისებს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებლის IP მისამართი გადამისამართდეს, ანუ შეიძლება ვიდეო თბილისიდან ატვირთო, მაგრამ ამ სერვისის საშუალებით გამოჩნდება, რომ ატვირთე მაგალითად ფრანკფურტიდან და არ იყოს მიბმული შენს რეალურ IP მისამართზე. მაგრამ საქართველო არის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყანა, რომელშიც შედის დაახლოებით 45 ქვეყანა და ისინი ერთმანეთთან მოქმედებს 24/7-ზე ქსელით და ამ კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ ასეთი გამოძიების დროს მიაწოდოს ინფორმაცია. თუ აღმოჩნდა რომ IP მისამართი იყო ჰოლანდიიდან და ეს უკანასკნელი ამ კონვენციის წევრი ქვეყანაა, ვალდებულია, უმოკლეს ვადებში იმ IP მისამართზე მიაწოდოს ინფორმაცია.


- საერთოდ, როგორ გადიან ვიდეოს ამტვირთავზე შესაბამისი უწყებები?


- როდესაც ჩვენ ვირჩევთ ინტერნეტ-მიმწოდებელს, ნებისმიერი ფირმა, რომლის ინტერნეტსაც ვუერთდებით, გვანიჭებს უნიკალურ IP მისამართს, საიდანაც ხორციელდება ყველა აქტივობა, იქნება ეს ვიდეოს ატვირთვა, ინფორმაცის გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. შესაბამისად, გამოძიების მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნამდვილ IP მისამართზე გავიდეს, რადგან თუ ამას ვერ დაადგენს, ვერც ვიდეოს ამტვირთავს ვერ იპოვიან.

 

იხილეთ ვრცლად