გახსოვდეთ, რომ კედლებსაც აქვს ყურები. ბოლო 60-70 წლის განმავლობაში ტექნიკური პროგრესის წყალობით, ამ ცნობილმა გამოთქმამ პირდაპირი მნიშვნელობა შეიძინა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ პირადი ანგარიშსწორებისთვის, კონკრეტულ ადამიანზე საჭირო ცნობების მოპოვებისთვის უწყებები და სპეციალური ორგანიზაციები ათასგვარ მეთოდს მიმართავენ.


ჯაშუშის პროფესია ყოველთვის არსებობდა. ოდითგანვე ფარაონები, იმპერატორები, მეფეები პოლიტიკურ ოპონენტსა თუ მათთვის მიუღებელ ადამიანზე საჭირო ინფორმაციის შეგროვებისთვის ჯაშუშებს იყენებდნენ. სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შექმნამდე, ინფორმაციის შეგროვების მთავარი საშუალება ადამიანი იყო. ჯაშუში "ობიექტს" მისთვის შეუმჩნევლად უთვალთვალებდა. საინტერესო ამბების მოსმენის შემდეგ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მიღებულ ინფორმაციას პატრონს აწოდებდა.

 

კავშირგაბმულობის პირველი საშუალების - ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ჯაშუშების შესაძლებლობები გაფართოვდა. გაგზავნილი შეტყობინებისთვის "გზის გადაჭრის" შემთხვევაში, თვალთვალის ობიექტის შესახებ საჭირო ცნობების მიღება შეიძლებოდა. ტელეფონის ფართო გავრცელებამ, ადამიანის პირადი საუბრების მოსმენა-ჩაწერა კიდევ უფრო გაამარტივა.

 

სსრკ-ში ხალხის მასებზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინის უშუალო მითითებით, რადიოდაზვერვის და დაშიფრული სატელეფონო საუბრების მოსმენისთვის საჭირო აპარატურის შექმნა დაიწყო. ტოტალური კონტროლის პირობებში, საქმის მსვლელობა სტალინს პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი. ამ საქმეში "კა-გე-ბე" ისე დახელოვნდა, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში, ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს 7 წლის განმავლობაში უპრობლემოდ უსმენდა.

 

გასული საუკუნის 1970-80-იან წლებში მოსმენებმა ფართო მასშტაბი მიიღეს. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, ამ საქმით სპეციალური საიდუმლო განყოფილებები იყვნენ დაკავებულნი. სატელეფონო მოსმენებთან ერთად თანდათან ვიდეოთვალთვალის ტექნიკაც დაინერგა. ის "ობიექტის" შესახებ გაცილებით უფრო სრულყოფილი და საინტერესო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდა. გადაუღებ ფარულად ვინმე პოლიტიკოსს, მომავალ კონგრესმენს, სენატორს ან სულაც პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორ კავდება ის სექსით საყვარელთან ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან და გარკვეული დროის შემდეგ ჩანაწერს მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებ. ვიდეომასალის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ ოპონენტს საკუთარი პოლიტიკის შეცვლას ან სულაც არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოთხოვენ.

 

მეთოდი ბინძურია, მაგრამ ვინ თქვა, რომ პოლიტიკაში სისუფთავე სუფევს? ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ მარტინ ლუთერ კინგს, რომელიც ფერადკანიანების უფლებებს კბილებით იცავდა. ისტორიას უოტერგეიტის სკანდალიც ახსოვს, რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, რომელშიც რესპუბლიკელი ნიქსონი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, დემოკრატების კანდიდატის ჯორჯ მაკჰოვერნის ოფისში პოლიციამ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისას 5 ადამიანი დააკავა.

 

მობილური ტელეფონების ფართო გავრცელებამ სპეცსამსახურებს (და არა მხოლოდ მათ) მიყურადების საქმე გაუმარტივა. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, აკონტროლოს თქვენი პირადი ფოსტა, ტელეფონით გაგზავნილი მესიჯები, ჩათები. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ეროვნული უსფრთხოების სააგენტოს (NSA), შესაბამისი სანქციების გარეშე ამერიკის მოქალაქეების ელექტრონული ფოსტების, სატელეფონო საუბრების, ფინანსური ოპერაციებისა და ინტერნეტ აქტივობის კონტროლის უფლება მისცა. საიდუმლო ოპერაციას Stellar Wind-ი ეწოდა.

 

იხილეთ სტატია