როგორც ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ თავდამსხმელის ადგილზე დაკავება მოხდა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ბანკის აღნიშნული ექსპრეს ფილიალი დაცვის პოლიციის მიერ საგანგაშო ღილაკით არის დაცული.

 

"განგაშის სიგნალი დაცვის პოლიციაში დღეს 11:46 წთ-ზე შემოვიდა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი (ვაკე7) შემთხვევის ადგილზე 2 წუთში მივიდა. დანაშაულში ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო. დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დაკავებულია მოქალაქე ირაკლი კ. (დაბადებული 20.05.1973, მცხოვრები - თბილისი, ნუცუბიძის II კვარტალი)",- აცხადებენ მღებრიშვილის უწყებაში.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია ხელჩანთა - ნაძარცვი თანხით.