პანკისის ხეობაში სოფელ დუისში გვიან ღამით ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარს სოფელში დაძაბულობა მოჰყვა. როგორც კურიერის ჟურნალისტი იტყობინება, დამწვარი სახლის გვარის წარმომადგენლები დღეს პოლიციასთან იყვნენ შეკრებილები, ისინი მომხდარზე დროულ რეაგირებას ითხოვდნენ.

 

სახლის მეპატრონე ომარ ქავთარაშვილი ოჯახთან ერთად გროზნოში ცხოვრობს, თუმცა ის საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

 

მეზობლები სახლის დაწვის მიზეზებზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა პირად საუბრებში წარსულში მომხდარ უთანხმოებაზე მიანიშნებენ და მომხდარის მიზეზად შურისძიებას ასახელებენ.

 

სოფელ დუისში საცხოვრებელი სახლი გუშინ ღამით დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა, რადგან მომხდარი ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.