პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან წინასაარჩევნო კონსულტაციები გაიმართა. საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური პარტიები დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ, თუმცა მოლოდინის მიუხედავად შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო კოალიციიდან ბოლო დროს გასულმა სუბიექტებმა. განხილვის მთავარი საკითხი არჩვენებამდე გერმანულ მოდელზე გადასვლის პერსპექტივა იყო.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვედრაში მონაწილე პოლიტიკოსებმა განაცხადეს, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ე.წ. გერმანული მოდელის პარლამენტში ინიცირება მოხდეს. კანონპროექტი დასამტკიცებლად 76 ხმას საჭიროებს, რისთვისაც რესპუბლიკელების და ეროვნული ფორუმის წარმომადგენელთა თანხმობაა საჭირო. როგოც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ვინაიდან გერმანული საარჩევნო მოდელის დამტკიცებას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები.

 

საარჩევნო კოდექსის გერმანული მოდელი მისაღებია რესპუბლიკური პარტიის წევრებისათვის.

 

"თუ 2016 -ში კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში ვერ შევა და ამის ალბათობა მაღალია, იმიტომ რომ ოცნება მხარს არ უჭერს და ის 113 ხმა არ გროვდება, მაშინ ბუნებრივია დადგება საკითხები არსებულ კონსტიტუციურ ჩარჩოებში არსებობს თუ არა უკეთესი, უფრო დემოკრატიული, უფრო სამართლიანი, ისეთი მოდელი, რომელიც შესაძლოა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


ჯერჯერობით უცნობია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეროვნული ფორუმის პოზიცია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი განცხადებას ერთ საათში გააკეთებენ.