2016 წლის 11-13 მაისს კანადას ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

 

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

 

 

განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. განხილული იქნება ორი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ყურადღება გამახვილდება მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან და კანადის პარლამენტში ნატოს საპარლამენტო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აგრეთვე შეხვდება კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს.

 

 

ამასთან, კანადის კარლტონის უნივერსიტეტში გაიმართება დავით ზალკალიანის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია დისკუსია სტუდენტებისა და ექსპერტების მონაწილეობით.