ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება, - ამის შესახებ გენერალმა დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. პრემიერის თქმით, მთავრობა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

 

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ქართველი სამხედროების მონაწილეობა. გენერალმა კოსტარაკოსმა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა. საუბრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, საქმიანობის მნიშვნელობას. საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის როლსაც შეეხო.

 

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს.