ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით , ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო მეტად დაცული იქნება.

 

 

ბაქრაძის თქმით, სამიტის ფარგლებში პირველად დაფიქსირდება, რომ საქართველოს NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია.

 

 

„ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება მეტად დაცული, რადგან ის პრაქტიკული მიზნები, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და აღიარებას, უკავშირდება სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

 

 

პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის.

 

 

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად, სამიტის ფარგლებში, გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას, ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი.

 

 

საქართველოს საკითხი ასევე, იქნება ასახული, როგორც აქამდე იყო საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ასევე ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს გაუსვამს ხაზს“, - განაცხადა ბაქრაძემ.