სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 1984 წლის საქმემ გაიჟღერა, რა თქმა უნდა, პაპიძის საქმის კონტექსტში. „პრაიმტაიმმა“ მოიკითხა დეტალები და ახლა თავის მკითხველსაც წარმოუდგენს:

 

ზუსტად 32 წლის წინათ, თბილისში, საბურთალოს რაიონის პოლიციაში 27 წლის ნ.მ. მივიდა და განაცხადა, რომ საკუთარი ორი ვაჟი – 7 და 5 წლის – მოკლა. ლოთი ეგონათ და თავიდან არ დაუჯერეს. შემდეგ მაინც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მართლაც აღმოაჩინეს ორი მცირეწლოვანი ბიჭი. ამ საქმის პროკურორი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ დღესაც არ ამოსდის თვალებით ის ულამაზესი ბავშვები. უფროსი ვაჟი დედას ზეწრით ჰყავდა მომხრჩვალი. უმცროსს კი, ჩანდა, წინააღმდეგობა ჰქონდა გაწეული. მას ყელზე დედის ფრჩხილებიც აჩნდა. პოლიციის მიერ გამოძახებული სასწრაფოს ექიმები მის გადარჩენას შეეცადნენ კიდეც, მაგრამ ვერ შეძლეს.

 

სამართალდამცველებმა იქაც აღმოაჩინეს დღიურში ჩანაწერები, რომელიც მუქარის დატვირთვას ატარებდა, – ნახე, რას გიზამო. კედელზე კი მაკრატლით იყო ამოჩხაპნილი: ხომ გადაგიხადე სამაგიეროო. გამოძიებით გაირკვა, რომ ნ.ფ. და მისი მეუღლე, რომელიც ცნობილი აკადემიკოსის შვილიშვილი გახლდათ ლანჩხუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთად იზრდებოდნენ. სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი. თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ცოლი ქმარს ღალატში ადანაშაულებდა და მკვლელობის მოტივსაც ასე ხსნიდა. ამ საქმემ ცეკას პირველ პირებამდე მიაღწია და რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ, თუ ეს საქმე ასე შიშვლად გამოვიდოდა სააშკარაოზე, საზოგადოება ამ ქალთან იდენტიფიცირებას მოახდენდა და ეს დიდი სტრესი იქნებოდა მისთვის. ამიტომაც გადაწყვეტილება სულ ზევით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ექსპერტმა მკვლელობის დროს შეურაცხადობა დაუწერა.

 

ქალბატონი დახვრეტას გადაურჩა, სამაგიეროდ საზოგადოებაც გადაურჩა უმძიმეს შოკს. ბრალდებული ფსიქიატრიულში გაამწესეს და დაცვაც მიუჩინეს, ვინაიდან მას ორჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ეს ქალბატონი დღეს ცოცხალია. თუმცა მისი მეუღლე გარდაიცვალა. როგორც გვიყვებიან, ის დარდით გალოთდა…