პარტია „ქართული ოცნების“ ახალი სახეების ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია.

 

 

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სახეებს შორის, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პოლიციის აკადემიის რექტორი სოფო კილაძე, ადვოკატი მამუკა მდინარაძე, ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?“ და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ირინა ფრუიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია იქნებიან.

 

 

ახალი სახეების ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუმცა მათმა ნაწილმა საგურამოს შეკრებაზე მოსაწვევები უკვე მიიღო.

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგენს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, გუნდის ახალ წევრებს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. საგურამოს შეკრებაზე მხოლოდ ახალი სახეების წარდგენა მოხდება, საარჩევნო სია კი, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

"info9.ge"