30 წლიანი პაუზის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 


გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ საყავრეში აწარმოებს. სოფელში მისასვლელი, დაზიანებული გზა პრობლემებს ქმნიდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილებისას. სოფელთან დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად ფერდობიდან ჩამოსული ქვა-ღორღისა და წლების განმავლობაში დაგროვილი შლამისგან უკვე გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ბეტონის წყალგამტარი ბოგირები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 კმ-იან გზის მონაკვეთს და სულ 40 კმ გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე გზის მოსწორება და მოხრეშვა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდა ხოვლე-საყავრეს გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთს, საყავრე-წითელწყაროს მთავარ და შიდა საუბნო გზებს (12 კმ).

 


უახლოეს მომავლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყავრე-ლულის გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს, მოწესრიგდება ლული-ფელისა (8 კმ) და ფელი-ახალსოფლის (6 კმ) გზებს. საყავრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზების რეაბილიტაცია გაგრძელდება მღებრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.

 


გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.