„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

 

 

მარიამ ჯაში ელექტორატს პარტიის კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი მოსიძემ წარუდგინა.

 

 

„დღე ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მეზობელი საარჩევნო ოლქის, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის კანდიდატი მარიამ ჯაში - ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მარიამ ჯაში იქნება ბრწყინვალე პარლამენტარი და მომავალში მისი მოღვაწეობა დაეტყობა ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი მოსიძემ.

 

 

როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ჯაშმა განაცხადა, მისი მიზანია, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების პროცესში ახალი მოდელი შექმნას.

 

 

„ჩემი დიალოგი მოსახლეობასთან ორ რაუნდად წარიმართება. პირველ 20 დღეს მე დავუთმობ აბსოლუტურად ყველა ეზოში, ყველა ოჯახთან შეხვედრას, რომ რეალისტურად შევაჯამოთ ის საკითხები, რაც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაუნდში უკვე კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ ჩემს მოსახლეობასთან, ჩემს გუნდთან ერთად, მოვამზადებ სამოქმედო გეგმას, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

 

შეხვედრებზე კანდიდატი ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგების შეჯამებას - უშუალოდ მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული პროგრამების (საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის, სოლიდარობის ფონდის, გლობალური ფონდის პროგრამების) გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.

 

 

„ბედნიერი ვარ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შექმნილი ისტორიული პროგრამების უშუალო მონაწილე ვარ. თავდაპირველად, ბევრისთვის წარმოუდგენელმა ამ პროგრამებმა - საყოველთაო ჯანდაცვამ, C ჰეპატიტის მკურნალობამ და სოლიდარობის ფონდმა - ჩვენ უკვე 10 000-ით ადამიანის სიცოცხლე გადაგვარჩენინა. გპირდებით, რომ სამგორის რაიონში დღემდე გადაუჭრელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებსაც ჩემს გუნდთან ერთად ვიპოვი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.