"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"


25 აგვისტოს მკვლელობით დასრულდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩასთან, ე.წ. საავადმყოფოს უბანში ახალგაზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ბიჭებს შორის ჯერ კამათი დაიწყო, რის შემდეგაც ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს გაუგებრობა რამდენიმე დღით ადრე მოუხდათ და საქმის გასარჩევად შეხვდნენ ერთმანეთს.

 

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ოთხი და მოკლულია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მათი მისვლისას, ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. სამი პირველადი დახმარების გაწევის შემდგეგ ბინაზე გაეწერა. ერთ-ერთს კი შედარებით მძიმე დაზიანება აქვს - ფილტვის არეშია დაჭრილი, რის გამოც მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილები 20-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მათ შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელია. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორმა დანით შეუარაღებული ახალგაზრდის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელში დაიჭრა.

 

 

გარდაცვლილი 22 წლის ნოდარ გოგიტიძეა, რომელსაც ქობულეთში ყველა ბომბორას სახელით იცნობდა. ის ფეხბურთელი იყო და გარკვეული პერიოდი ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა. მისი მეგობრები მომხდარით გაოგნებული არიან, უჭირთ დაიჯერონ, რომ მათი მეგობრობის სული და გული ცოცხალი აღარ არის.

 

"მისნაირ ხალისიან და მხიარულ ადამიანს იშვიათად თუ შეხვდები სადმე. ბომბორა იყო ენრეგიისა და ყველა ჩვენი თავშეყრის ხალისის წყარო. მუდამ ღიმილიანი, ცდილობდა ჩვენც კარგ ხასიათზეც ეზრუნა. ბავშვებზე გიჟდებოდა, რა დასანანია, რომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. გაოგნებული ვარ, არ ვიცი რა უნდა ეწყენინებინა ისეთი, რომ სიკვდილისთვის გაიმეტა..." - გვითხრა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა.

 

მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის არჩილ ტოტორაშვილიც, რომელიც უკვე დაკავებულია, ასევე ქობულეთელია. როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ გვითხრა, ბიჭებს შორის უთანხმოება რამდენიმე დღის წინ დაიწყო:

 

"მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე რესტორანში შელაპარაკება მოსვლიათ, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ საქმე მკვლელობამდე მივიდოდა. იმ ბიჭსაც აჩიკოს - ტოტორას მე კარგ ტიპად ვიცნობდი აქამდე, მაგრამ საშინელება კი ჩაიდინა... კიდევ კარგი, რომ დანარჩენები მაინც გადარჩნენ".


აი, რას ჰყვება 20 წლის ნია, რომელიც იმ კლუბში იმყოფებოდა, რომლის სიახლოვესაც მკვლელობა მოხდა.

 

- გარეთ ჩოჩქოლი ატყდა, უცებ ვიღაც შემოვარდა, - ხელები სისხლიანი ჰქონდა, კიოდა, - ბიჭები დაჭრესო! გარეთ რომ გავედით, მართლა საშინელება ტრიალებდა, - ერთი ბიჭი იძახდა, - დანით ჩხუბი კაცობად არ მიმაჩნიაო! ნასვამები იყვნენ. შემდეგ შევნიშნეთ, ერთი ძალიან დასისხლიანებული იყო, დანარჩენებს ფეხზე დგომა შეეძლოთ, ის ერთი კი მიწაზე იწვა... უკვე უგონოდ იყო. მას მეგობრები "ბომბორათი" მიმართავდნენ. გვარად გოგიტიძე ყოფილა... მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და განწირული ხმით ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდე, არ მოკვდე, ბიჭო, შემომხედეო"! ეს ხმა ალბათ არასადროს დამავიწყდება. ყველა პანიკაში იყო, ყვიროდნენ, - სასწრაფო დახმარებას გამოიძახეთო! სასწრაფო მალე მოვდა. ბიჭები ნასვამები იყვნენ, გარდა ერთისა. შემდეგ გაირკვა, რომ ის პატრულის თანამშრომელი იყო. ჩხუბის ხმა გაუგია და შემოსულა. სამოქალაქო ტანსაცმლით იყო და ვერ მივხვდით... ხელი სისხლიანი ჰქონდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. იქაურობა საშინელი სანახავი იყო.

 

- რა გახდა ჩხუბის მიზეზი?


- ზუსტად არ ვიცი, თქვეს, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. გარდაცვლილი წინა დღეებში ბრალდებულთან სახლში ყოფილა მისული, ოღონდ არ უთქვამთ, რატომ... ანუ მათ შორის დაპირისპირება ადრე იყო დაწყებული. პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო! როდესაც პატრული მოვიდა, ჩვენ იქაურობა დაგვატოვებინეს. მოგვიანებით, გავიგეთ, რომ ის უგონოდ მყოფი ბიჭი გარდაიცვალა.