„ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პეკინსა და თბილისს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

 


„დაიწყო პირდაპირი რეისები თბილისსა და პეკინს შორის, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც ჩინეთიდან, ასევე საქართველოდან. ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხალხთა შორის ურთიერთობები ჩინეთთან გასავითარებელია და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 


ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 სექტემბერს დაეშვა. ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ (China Southern Airlines) უზრუნველყოფს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „ბოინგ-737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. გადაწყვეტილება ჩინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ ავიაკომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო.

 


ჩინეთსა და საქართველოს შორის, ბოლო წლებში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართულება სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის. მიმდინარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში „Air China“-ს, „Hainan Airlines“-ის და China Eastern Airlines“-ის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც ასევე გამოთქვეს დაინტერესება საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ. როგორც აღინიშნა, ეს პროცესები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება.