მოზარდების სისასტიკემ კიდევ ერთი, 15 წლის მოზარდი შეიწირა, - ზემო ფონიჭალის XI კლასის მოსწავლე ავთო ბაგალიშვილი თანატოლებთან ერთად ქვემო ფონიჭალაში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზე წავიდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. სრულიად შემთხვევით კორპუსებს შორის მარტოდმარტო მიტოვებული დაჭრილი მოზარდი ზემო ფონიჭალის ერთ-ერთმა მკვიდრმა შეამჩნია, მანქანაში ჩაისვა და საავადმყოფოში წაიყვანა; სამწუხაროდ, ბიჭს ექიმებმა ვეღარ უშველეს.

 

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გარდაცვლილი კონცერტიდან იმ თანატოლებთან ერთად გამოვიდა, რომლებიც ღონისძიებაზე შელაპარაკდნენ და "საქმის გასარჩევად" ახლომდებარე კორპუსებისაკენ გაემართნენ. ბიჭი სასიკვდილოდ თანატოლმა დაჭრა, მერე კი კონფლიქტის მონაწილეებთან ერთად მიატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლის ლ.შ. უკვე დაკავებულია, საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით არის აღძრული.

 

ბაგალიშვილის მეგობრები, რომლებმაც წელს მეორე კლასელი დაკარგეს (ერთ მათგანს ზაფხულში მანქანა დაეჯახა) მომხდარის გამო ცრემლს ვერ იკავებენ. ამბობენ, რომ ავთო საუკეთესო იყო მათ შორის და მას არც ქუჩური გარჩევები მოსწონდა და არც კონფლიქტები ჰქონდა ვინმესთან. ამბობენ, რომ პატარა ბიჭი ბევრ შვილზე ოცნებობდა, მაგრამ ეს არ დასცალდა...

 

მ.დ. გარდაცვლილი მოზარდის კლასელი:


- ავთო ჩვენ შორის საუკეთესო იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უკვე აღარ არის, არამედ იმიტომ, რომ სულ იმას ცდილობდა, სხვას დახმარებოდა, სხვა არ მიეტოვებინა გასაჭირში. თან ჩვენ შორის ყველაზე ხალისიანი და მხიარული იყო.

 

ცუდ ხასიათზე რომ დაგვინახავდა, ვიდრე არ გაგვამხიარულებდა, არ მოგვეშვებოდა. გვეტყოდა ხოლმე, - რადგან გაიცინე, მეც კარგად ვარო. თან რაღაცნაირი დიდივით იყო, - ოცნებობდა, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდა, - ჩვენ არცერთი არ ვლაპარაკობდით იმდენს მომავალზე, ოჯახის შექმნაზე, შვილებზე, როგორც ის.

 

სიკვდილის წინა დღეს იმდენი იცინა და იმხიარულა, ჩვენც იმდენი გვაცინა, რომ ასეთი კარგი დღე არც გვახსოვს. მერე ჩვენ თანაკლასელ გოგოსთან უცებ მივიდა და სთხოვა, - მოდი, სურათი გადავიღოთ, სახსოვროდ გქონდეს, რა ვიცით, რა ხდებაო. ის კი გაუბრაზდა, - რაებს ლაპარაკობ, რა უნდა მოხდეს, თავი დამანებეო! არადა თურმე, ხდებოდა.

 

გარდაცვლილი მოზარდის თანაკლასლები დაზუსტებით ვერ ამბობენ, მაგრამ იმეორებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი სხვების გაშველებისას დაჭრეს.

 

- ლ. გ. ზემო ფონიჭალის მკვიდრი: - ძალიან კარგი ბიჭი მოგვიკლეს. 2 ძმა ჰყავს, ისე ზრუნავდა ძმებზე, ოჯახში დედასა და ბებიას ისე ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, გვიკვირდა კიდეც. თანამედროვე ბავშვები სულ სხვანაირები არიან.

 

საშინელებაა და საშიშია ის სისასტიკე, რაც ჩვენს მოზარდებში ტრიალებს. ეს კარგი ბიჭი, როგორც აღმოჩნდა მისივე თანატოლმა და მეზობელმა მოკლა და თან როგორც გავარკვიეთ, იმიტომ კი არა, რომ დაპირისპირება ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ავთო სხვას მიეშველა. ჯერ კონცერტზე შელაპარაკებულან და მერე ერთმანეთს გაჰყოლიან მოშორებულ ადგილზე საქმის გასარჩევად. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა და ამ დროს დატრიალდა ეს უბედურებაც.

 

ვრცლად იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: