„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოში ყველაზე დიდი ოლქი (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი და ბაზალეთის დევნილთა დასახლება) ახალია და მოიცავს 3 მუნიციპალიტეტსა და 425 სოფელს. ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისათვის:

 

„8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი და დაამტკიცა, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტია. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას. ოთხი წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული პრინციპები, დღეს კი დავამტკიცეთ რომ ჩვენი არჩეული გზა, ჩვენი პოლიტიკური კურსი კვლავ ნდობით სარგებლობს მოქალაქეებში. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დუშელების, თიანელების, ყაზბეგელებისა და მათ შორის ბაზალეთის დევნილთა დასახლების წინაშე, რომელთაც აირჩიეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნათელი, მშვიდი და სტაბილური მომავალი, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი თითოეული ადამიანის კეთილდღეობა იქნება, მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში“, - ზაქარია ქუცნაშვილი.