თუშეთის გზაზე, ეგრეთ წოდებული "თორღვას აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

 

ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

 

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ნისლი და უამინდობა გახდა.

 

"ტურისტები იყვნენ თუშეთში დასათვალიერებლად და ბარში ბრუნდებოდნენ. ძლიერი ნისლი იყო, წვიმა და ჭექა-ქუხილი. ეტყობა, მძღოლმა ამის გამო, გზა ვერ დაინახა და ავტომობილი, რომელშიც ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი დაშავებულის ხრამიდან ამოყვანა დროულად შეძლეს. სამწუხაროდ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი იყო“, - აცხადებს ლადო კახოიძე.

 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.