საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თემას გერმანული მედია განიხილავს:

 

 

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებდა და საქართველოში იგი ტრიუმფალურად დაბრუნდებოდა, მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ ეწერა – გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", – წერს DIE WELT-ის ჟურნალისტი იულია სმირნოვა.

 

 

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ქვეყანა პროდასავლური კურსით მიჰყავდა. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმდება გაფორმდა, დღეს საქართველო ვიზალიბერალიზებას ელოდება.

 

 

მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა და ასეთმა მდგომარეობამ მთავრობას არჩევნებზე ხმები დააკარგვინა. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ხელისუფლებისათვის მომავალშიც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება", – აღნიშნულია სტატიაში.

 

 

სტატიის თანახმად, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მათ ბანაკში იმედგაცრუება იგრძნობა, ისინი უფრო მეტი ხმების მიღებას ელოდებოდნენ.

 

 

"ალბათ, პარტია გარკვეულწილად, საკუთარი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმაც დააზარალა. მოსახლეობას არ დავიწყებია მისი მმართველობის ავტორიტარული სტილი. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში დამარცხებიდან დასკვნები უნდა გააკეთოს. ამჟამად, საქართველოში საპროტესტო განწყობა არ იგრძნობა.

 

 

მოსახლეობას უფრო მეტად ისეთი ოპოზიციური პარტიის ხილვა სურთ, რომელშიც სერიოზული პროფესიონალი პოლიტიკოსები იქნებიან და რომელიც ქართულ საზოგადოებას კონსტრუქციულ პროგრამას შესთავაზებს", – აღნიშნულია მასალაში, რომლის თარგმანსაც გლობალური კვლევების ცენტრი ავრცელებს.

 

"info.ge"