16 წლის გოგონა, რომელიც ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი 20 ოქტომბერს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.


შემთხვევა 15 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა.


მეზობლების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ არასრულწლოვნის მამა ამავე კორპუსში, მამიდის ბინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, წელს ზაფხულში კი გოგონას ბებიაც დაეღუპა. „კვირას“ ინფორმაციით, ტრაგედიის დღეს გოგონა მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა. გადმოვარდნის შედეგად მან ფეხების, მენჯისა და ხერხემლის ტრავმა მიიღო.


არასრულწლოვანს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ დამძიმდა.

 

„პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. გოგონას აღენიშნებოდა ფილტვის ძლიერი დაჟეჟილობა და ხერხემლის დაზიანება. სამწუხაროდ, პაციენტი 20 ოქტომბერს გარდაიცვალა“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

 


შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.