წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი გიორგი (გიგა) შენგელიას მამა რომან შენგელია შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მივიდა.

 

რომან შენგელია ტერიტორიაზე ავტომანქანით შევიდა და როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიგა შენგელიას ცხედარი 23 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შიდა პერიმეტრის დათვალიერება განხორციელდა.

 

„შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც უწყებამ მზადყოფნა გამოთქვა, ოჯახისთვის მიეცა ინფორმაცია მომხდარზე და ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების უფლება.