"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" ინფორმაციით რკინიგზაში, სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმის შედეგად, 63 წლის ზაურ გერლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ზაურ გერლიანი რკინიგზაში 11 წელი ლიანდაგის მონტიორად მუშაობდა. 5 ოქტომბერს, კაზრეთის სარკინიგზო ხაზზე ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ზაურ გერლიანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. მუშამ ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა. კიდურის ამპუტაციისა და 15 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

აღნიშნული ფაქტი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაცვალების მესამე შემთხვევაა საქართველოს რკინიგზაზე.

 

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ითხოვს შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას.