რამდენიმე დღის წინ გახსნილი საზარელი დანაშაულის ექსკლუზიური დეტალებზე სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:


დედაქალაქი შეძრა სასტიკმა მკვლელობამ - გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მისი 18 წლის ქალიშვილი, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილია მხილებული. ის უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა. ძალოვანებმა სულ 5 პირი აიყვანეს, ყველა მათგანი ირმა ყოჩიაშვილის მეგობარია. 3 ბრალდებულს ჯგუფურ მკვლელობაში ედება ბრალი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, კიდევ 2 პირს კი დანაშაულის დამალვაში ამხელენ.

 

აი, რა გვიამბო ოჯახის ახლობელმა: - დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დანახშირებული ძვლები ჩვენი ნონასი (შინაურები ასე ვეძახდით) იყო. ნაგავსაყრელზე საეჭვო კვალი მოხუცმა მამაკაცმა იპოვა და შეატყობინა პოლიციას. მაშინვე არ უთქვამთ, რომ ქალი იპოვეს. თავიდანვე შვილზე იყო ეჭვი, ეს მინიშნება სამართალდამცავებს მამამისმა მისცა, მან გაიყვანა გამომძიებლები კვალზე და ამის შემდეგ ირმას პოლიცია უთვალთვალებდა. მის ტანსაცმელში მალულად ჩიპი დამონტაჟდა. ირმა თავის თანამზრახველებს ხვდებოდა და პოლიცია მათ საუბარს ისმენდა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ომარის მოკვლაც ჰქონდათ დაგეგმილი. ირმამ თავად შესთავაზა მათ, მამამისიც მოეკლათ. შეყვარებულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ ისიც... ქალი რომ დაიკარგა, ირმა იმ ღამეს შინ არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო…

 

იმდენად ვერ იტანდა დედამისს, მეგობრებისთვის უთქვამს, მოვკლათ და მისი ცხედარი გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო. მან იცოდა ნაშვილები რომ იყო. ეს დედამისმა უთხრა კიდეც. თურმე ამის შემდეგ უფრო აითვალწუნა დედა და მის სიტყვას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი ნინა ჩ-ც, ერთ-ერთი ცნობილი დრამატურგის შვილობილია. გოგონა ერთ-ერთი დასის წევრიც იყო. როგორც ამბობენ, თავისებური ბავშვია. როგორ აღმოჩნდა იგი ამ ჯგუფთან და რა როლი შეასრულა მკვლელობაში, ამას გამოძიება დაადგენს. მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, მაგრამ ოჯახმა უკვე აიყვანა კერძო ადვოკატი და ის საქმეში ჩაერთო. ამ დრომდე არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია.