გორში, სუფრაზე დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მკვლელობის მცდელობის მუხლით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

 

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, დაკავებული პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტი პაატა კასრაძეა.

 

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს პარტიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა არ ეკავა და კვარტალში ერთხელ მიდიოდა ოფისში.

 

ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის გიგა გელაშვილის თქმით, პაატა კასრაძე ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დადებითად ხასიათდებოდა.

 

"სამწუხარო ფაქტი შეემთხვა პაატა კასრაძეს. ის კარგი მეგობარი და ერთგული ადამიანია. მომხდარი ფაქტი კი, პარტიასთან არავითარ კავშირშია. როგორც ვიცით, კამათი პირადულ საკითხზე მოუვიდა და პოლიტიკურ შინაარს არ შეიცავს",- გვითხრა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა გელაშვილმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს.