აშშ-ში დასრულებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ყოველგვარი წინასწარი პროგნოზი თავდაყირა დააყენა და მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები დიდი გაურკვევლობის წინაშე დააყენა.

 

წინასწარი გამოთვლებით ქალბატონი ჰილარი კლინტონი მცირედით, მაგრამ მაინც სჯობდა მილიარდერ დონალდ ტრამპს. ყველა შეგუებული გახლდათ, რომ ქალი გაიმარჯვებდა და ამაში თავად ბილ კლინტონის მეუღლეც დარწმუნებული იყო. მან წარმატების აღმნიშვნელი საზეიმო ფოიერვერკიც კი წინასწარ შეუკვეთა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამერიკულმა საზოგადოებამ სხვაგვარად განსაჯა. მან ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი არ ისურვა და უპირატესობა პოპულისტური ლოზუნგების "ავტორსა" და ამერიკელ "ჟირინოვსკად" შერაცხულ ტრამპს მიანიჭა.

 

სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა ოკეანისგაღმელმა ამომრჩეველმა ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო "გაოგნებულია" და ხვალინდელ დღეს დაძაბულობითა და ერთგვარი შიშით ელოდება.

 

კი გახლდათ წინასწარი პროგნოზები ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ, მაგრამ მას ალბათ ერთი უბრალო "ნათელმხილველი" შიმპანზესათვის მაინც უნდა დაეჯერებინა. პრიმატი ჩინეთის ქალაქ შანხაის ზოოპარკში ცხოვრობს და წინასწარმეტყველების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ გასულ წელს მაიმუნმა ფეხბურთში ევროპის პირველობის გამარჯვებულის ვინაობა ზუსტად გამოიცნო და უპირატესობა პორტუგალიას მიანიჭა. რასაკვირველია მის ამ "გადაწყვეტილებას" მაშინ ბევრმა სკეპტიკურად შეხედა, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გედა (შიმპანზეს სახელი) თითქმის არ ცდება. ალბათ მიხვდით, რომ მაიმუნმა ამერიკულ არჩევნებში უპირატესობა დონალდ ტრამპს მიანიჭა.

 

საინტერესოა, რომ შიმპანზე გედას მსგავსად აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა წინასწარ კიდევ ერთმა ადამიანმა იცოდა. საუბარია საქართველოს ყოფილ პირველ პირზე. პოროშენკოსთან სამკვდრო-სასიცოცხლო "ჭიდილში" ჩართულმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თავისუფალი წუთი გამონახა და სოციალურ ქსელებში შემდეგი განცხადება გაავრცელა:


"დონალდ ტრამპს ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. მის გამარჯვებას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით".

 

ჩინელი შიმპანზესა და მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით წინასწარმეტყველებაში "შეცდნენ" პერუელი ჯადოქრები. ამერიკული არჩევნების წინა დღეს მათ ქალაქ ლიმას პლიაჟზე თავისებური მისნური რიტუალი ჩაატარეს და ამ "პროცედურის" დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონის წარმატება ანთებული მაშხალების თანხლებით "იზეიმეს".

 

თავის მხრივ ამერიკულმა არჩევნებმა წყნარ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეების სიებით "აქტიურობა" და საარჩევნო უბნებთან ე.წ. "კარუსელებიც". თუმცა სისხლი მაინც დაიღვარა და ამ სამწუხარო ფაქტს ადგილი კალიფორნიაში ჰქონდა. ვრცლად