„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მომავალზე იქნება ორიენტირებული და წარსულზე საუბარი შეწყდება.

 

როგორც სამნიძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, პირველივე სხდომაზე გამოჩნდა, რომ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ძალას ერთმანეთის მოსმენა და კონსესუსის მიღწევა გაუჭირდებათ, რაც ქვეყნისთვის ცუდი იქნება.

 

„პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ორგანო. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს სჭირდება დისკუსია, კამათი, აზრთა შეთანხმება და კონსესუსი. არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს პარლამენტი შეძლებს ასეთი დისკუსიის წარმართვას. ეს გამოჩნდა, პირველივე სხდომაზე, როდესაც ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა ერთმანეთთან გადასულია იმ რიტორიკაზე, რაც წინასაარჩევნოდ გვესმოდა - არმოსმენის პოლიტიკაზე. გამოჩნდა რომ ეს რიტორიკა უფრო იქნება, ვიდრე ერთმანეთის მოსმენა და აზრების შეჯერება.

ეს არის ცუდი, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მმართველ გუნდს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სახიფათო. ბუნებრივია ასეთ პირობებში იზრდება მედიის როლი, ასევე ყველა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რათა ყველა გადაწყვეტილება მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი საზოგადოებისთვის და ყველას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სწრაფ გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულობით დააზარალოს ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი რომ ახალი პარლამენტი მომავალზე იქნება ორიენტირებული.

„არ მაქვს მოლოდინი რომ ორიენტირი აღებული იქნება მომავალ გადაწყვეტილებაზე და არა ცხრა წელზე და გამოვლილ გზაზე. ასეთი შთაბეჭდილება არ შემიქმნა პირველმა სხდომამ. ეს არის მოლოდინი, თუმცა ვნახოთ როგორი ვითარება იქნება სინამდვილეში“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ „აიპრესთან“.