პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და შრომატევადი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობა ყველას შრომატევადი და ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. ჩემს თავზე ორიოდე სიტყვას ვიტყვი, რომ მერე ვინმეს დითირამბების თქმაში არ ჩაუთვალონ. პერსონალური სადღეგრძელოები არ მიყვარს, სუფრიდან გავდივარ ხოლმე, როცა ასეთი რამ ხდება. თათბირის დროს თავში არასოდეს ვზივარ და შუაში ვზივარ. არასდროს, არცერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, ორგანიზაცია შიდა დაპირისპირების მეშვეობით არ მიმართავს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სტილით, იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გაქვს. პოლიტიკური უტიფრობა და სხვა სიტყვები უწოდეთ, ეს არის ქედმაღლობა, რის გამოც, ქართველმა ხალხმა არ აგირჩიათ. ეს არის მიზეზი, რის გამოც, „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია და საკუთარ შეცდომებზე ისაუბროს“, - მიმართა კვირიკაშვილმა დეპუტატებს.

 

პრემიერის თქმით, ახალი რეალობის ძრავი ჩართულია, რასაც ვერაფერი გააჩერებს.

 

„ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ, დიდი ბრძოლისთვის განვეწყოთ. ბრძოლაში შრომას ვგულისხმობ, ვინაიდან, ყველა ჩვენთაგანს, ვინც იტვირთა, სრულად უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის და სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, რადგან ჩვენს უკან სამშობლოა და ყველა გზა ჩახერგილია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.