იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს.


”ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?! წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან და საერთოდ „რუსთავი2“-ის განმხილველ მოსამართლეებთან, რომლებსაც საერთოდ არავის ვიცნობ, არც პირველი ინსტანციის, არც მეორე, არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს ვიცნობ მე პირადად. ეს არის სრული აბსურდის თეატრი. გვარამიას აბსურდულ ბრალდებებს არ აქვს საზღვარი. სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს. ჩვენ კარგად გვახსოვს გვარამიას და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარი, სადაც გვარამია მას ქრთამსაც კი სთავაზობს”, -აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.


ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორმა დღეს ის პირები დაასახელა, ვინც მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ.


“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება. ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილია”, – აცხადებს გვარამია.