საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც დააკავეს საქართველოს 50-მდე მოქალაქე, ქართული მხარეც მონაწილეობდა.

 

"მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოში, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მადრიდსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაკავებულნი იქნენ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები. ისინი ბრალდებულები არიან ბინის ქურდობებში. აღნიშნულ ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში, ევროპოლი და საფრანგეთის პოლიცია. ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით", - აცხადებენ საქართველოს შს სამინისტროში.