რუსეთის მოქალაქეს ოქსანა სევასტიდისს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდების ინფორმაციით, ოქსანა სევასტიდისიმ 2008 წლის ზაფხულში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ნაცნობს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ აფხაზეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკით მატარებელი გადაადგილდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადვოკატ ივან პავლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დაცვის მხარე კი, ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა მოკლე ტექსტური შეტყობინება აფხაზეთისკენ რუსული ტექნიკის გადაადგილების შესახებ თავის მეგობარს გაუგზავნა.

 

სასამართლომ ოქსანა სევასტიდისს განაჩენი ჯერ კიდევ მარტში გამოუტანა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში მხოლოდ ახლა გავრცელდა.

 

2014 წლის ნოემბერში ანალოგიური ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა სოჭის მცხოვრებს ეკატერინა ხარებავას მიუსაჯეს. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, მან საიდუმლო მონაცემები საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს გადასცა.

 

უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ ეკატერინა ხარებავა პოლიტპატიმრად აღიარა. ინტერნეტ-პორტალ „მედუზას“ ინფორმაციით, სევასტიდისა და ხარებავას საქმეებს ერთი მოსამართლე - ვლადიმერ კობზევი განიხილავდა.