29 ნოემბერს ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია ქართული მაფიისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ერთდროულად ოთხ დიდ ქალაქში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 45 წევრი აიყვანეს. დაჯგუფების მეთაურად „კანონიერი ქურდი“ სპარტაკ ჯაფარიძე სახელდება, რომელიც ამ დრომდე თავს იტალიას აფარებს.


ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე? რომელი „კანონიერი ქურდი“ ჩაანაცვლა მან ესპანეთში და ქურდული სამყაროს რომელ კლანს წარმოადგენდა ეს დაჯგუფება?


„პრაიმტაიმმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ქართული მაფიის ბოსებზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები შეკრიბა, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ქართული დანაშაულებრივი სინდიკატის წმენდა ესპანეთში განსაკუთრებით 2010 წლიდან გააქტიურდა. ბოლო წლების განმავლობაში იქ ათეულობით ქართველი დააპატიმრეს, მათ შორის გახლავთ კახა შუშანაშვილი, რომელსაც ესპანური მედია ქართულ-რუსული მაფიის გენერლად მოიხსენიებს. სწორედ შუშანაშვილის კლანს წარმოადგენს „კანონიერი ქურდი“ სპარტაკ ჯაფარიძე, რომელიც 29 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული დაჯგუფების კურატორად სახელდება. მანამდე დაჯგუფებას ამავე კლანის წარმომადგენელი, 43 წლის „კანონიერი ქურდი“ ზვიად დარსაძე ედგა სათავეში, თუმცა 2015 წელს დარსაძე დააპატიმრეს. მასთან ერთად სპეცოპერაციის დროს აიყვანეს ქართული მაფიის 35 წევრი. ოპერაცია, რომელსაც ევროპოლმა „2015 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა, მადრიდში, ვალენსიასა და სხვა ქალაქებში ჩატარდა. ესპანეთის პოლიციის მტკიცებით, „ზვიად დარსაძე სათავეში ედგა დიდ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ძირითადად ბინების ძარცვაში იყო „დახელოვნებული“, თუმცა არც დოკუმენტების გაყალბებას, იარაღისა და ფულის უკანონო ბრუნვას, ფულის გათეთრებასა და სხვა კრიმინალურ საქმიანობას თაკილობდა“.

 


მედია წერს, რომ წარმოშობით ქუთაისელ ზვიად დარსაძეს თავის დაჯგუფებაში რკინისებური დისციპლინა ჰქონდა დამყარებული. ნაძარცვის ლომის წილი ე.წ. „ობშიაკში“ მიდიოდა, რომელიც დამნაშავეთა სამყაროს ერთგვარი საერთო ფონდია. ესპანეთის გარდა, ეს ჯგუფი დანაშაულებრივ საქმიანობას, როგორც მინიმუმ, კიდევ გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაშიც აწარმოებდა.

 


„ჯგუფი ძირითადად ძვირფასეულობას იპარავდა, რომლის ნაწილსაც ოქროს ზოდებად ადნობდა. დაჯგუფება კარგად ორგანიზებულ ნახევრად ავტონომიურ უჯრედებად იყო დაყოფილი და მისი წევრების რაოდენობა ესპანეთის პოლიციისთვის სრულად ახლაც უცნობია. დაკავების ოპერაციაში მთელი ესპანეთის მასშტაბით 200-ზე მეტი ოფიცერი მონაწილეობდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული სააგენტოს, ევროპოლის გამომძიებლები და გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები“.

 


ზვიად დარსაძე ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირით ქართული მაფიის ბოსებთან, ძმებ ლაშა და კახა შუშანაშვილებთან. უფროსი ძმა, ლაშა, საქართველოსა და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „ქურდად“ მიიჩნევა, კახა კი ესპანეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულს კურირებდა, სანამ მას არ დააკავებდნენ.

 


დარსაძის დაპატიმრების შემდეგ, ცხადია, დღის წესრიგში დადგა, ვინ უხელმძღვანელებდა ქართულ დაჯგუფებას ესპანეთში. ამ „პოსტზე“ შუშანაშვილების კლანის წევრი სპარტაკ ჯაფარიძე შეირჩა, რომელიც იმ დროისთვის უკვე ევროპაში იმყოფებოდა. მან საქართველოში სასჯელი 2014 წელს მოიხადა და ხელახალი დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად ქვეყანა დატოვა. ახლა მას ინტერპოლი ესპანეთში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებისთვის ეძებს. ალბათ, საინტერესოა, ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე? 45 წლის „კანონიერი ქურდი“ საქართველოში სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2014 წელს განთავისუფლდა. მისი სახელი კარგადაა ცნობილი უკრაინაშიც (სხვათა შორის, ამბობენ იმასაც, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთანაც მეგობრობდა, როდესაც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი განათლებას კიევის უნივერსიტეტში ეუფლებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაახლოებულან ისინი, თუმცა მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააპატიმრა სპარტაკ ჯაფარიძე). როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ბოლო პერიოდში „კანონიერი ქურდის“ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად იყო შერყეული, თუმცა საბოლოოდ მან C ჰეპატიტისგან განკურნება მოახერხა. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მისი სახელი ახალგაზრდა მამაკაცის, ბექა გირგვლიანის მკვლელობას დაუკავშირდა, მაგრამ ჯაფარიძე დღემდე ირწმუნება, რომ ის ამ საქმესთან კავშირში არაა და მეტიც, გირგვლიანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.

 


ძმები ჯაფარიძეების სახელს სვანეთში კარგად იცნობენ. სამივე ძმა – სპარტაკი, ბესო და ტარიელი კრიმინალურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. 2013 წელს პერედოზირებით გარდაიცვალა ერთ-ერთი ძმა – ტაი (ტარიელ) ჯაფარიძე, რასაც მესტიის პოლიციის მაშინდელი უფროსის ილია გერლიანის თანამდებობაც შეეწირა. ამბობდნენ, რომ პოლიციის უფროსმა გერლიანმა ქელეხი გადაუხადა კრიმინალურ ავტორიტეტს, „კანონიერი ქურდების“, ბესო და სპარტაკ ჯაფარიძეების ძმას ტაი ჯაფარიძეს. ქელეხის ღონისძიებაში მთელი ადგილობრივი პოლიცია იყო ჩართული, რომლებიც სამსახურებრივი პიკაპებით ეზიდებოდნენ სურსათ-სანოვაგესო. ამ ამბავს პირად საუბრებში თავად გერლიანი კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ფაქტია, რომ ტაის დაკრძალვისთანავე მესტიის პოლიციაში შსს-ს გენინსპექცია შევიდა და პოლიციის ახლად დანიშნული უფროსი თანამდებობიდან მოხსნეს.
ძმები ჯაფარიძეები, ისევე, როგორც ზვიად დარსაძე, შუშანაშვილების გარემოცვას წარმოადგენდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული წმენდის შემდეგ ამ კლანის დამხობას არ გამორიცხავენ.

 


როგორც ცნობილია, ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს, რომელსაც ადგილობრივი მედია რუსულ-ქართული მაფიის მეთაურად მოიხსენიებს, 18 მაისს 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად დაკავებულ დანარჩენ 12 ბრალდებულს კი 1-დან 7 წლამდე პატიმრობები ერგოთ. ესპანეთის ციხეში 7-წლიან სასჯელს მოიხდის ახალგაზრდა ძიუდოისტი გიორგი ნ-ც, რომელიც ოჯახთან ერთად ალიკანტეში ცხოვრობდა. მას 327 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს თავად შუშანაშვილსაც, რომლის ქონება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე კონფისკირებულია.

 


შუშანაშვილს ესპანეთის პროკურატურა ფულის გათეთრებას, თაღლითობას, საბანკო ბარათების გაყალბებასა და შეკვეთილ მკვლელობას ედავებოდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, პატიმრობის შეფარდებასთან ერთად, ასევე, მოხდა მის საკუთრებაში არსებული ფულისა და ქონების სრული კონფისკაცია. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი „კანონიერი ქურდის“ მეთაურობით დაჯგუფება ესპანეთში 2008 წლიდან გააქტიურდა.

 


ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: